შატო მუხრანი
„შატო მუხრანი“ პირველი ქართული სამეფო შატოა, რომელიც აერთიანებს ოთხ ძირითად კომპონენტს: ვენახს, ღვინის ქარხანას, ციხესიმაგრესა და ისტორიას. 1878 წლიდან შატო მუხრანი აწარმოებს საუკეთესო ქართულ ღვინოებს. "შატო მუხრანის" ღვინო, რომელიც XIX საუკუნეში უმაღლეს საფეხურზე აიყვანა ივანე მუხრანბატონმა, ყოველთვის ღირსეულ კონკურენციას უწევდა მსოფლიოს საუკეთესოდ აღიარებულ ღვინოებს.
მუხრანული ღვინის წარმოება სამეფო ოჯახის ცნობილმა წარმომადგენელმა ივანე მუხრანბატონმა დააარსა. ჭეშმარიტად კეთილშობილური „შატო მუხრანის“ ევროპული სასახლე იყო ქართული ელიტის კულტურული ცენტრი. სასახლე ცნობილია თავისი ზღაპრული სილამაზით და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობას.
დღეს მუხრანული ღვინოები მზადდება თანამედროვე და ტრადიციული ტექნოლოგიების ნაზავით. „Შატო მუხრანის“ რესტორანი „სამეფო მარანი 1878“ უნიკალურ ღვინოებთან ერთად, სტუმრებს სთავაზობს უმაღლესი კლასის მომსახურებას და სპეციალურად შერჩეულ "A La Carte" მენიუს, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო ქართული და ევროპული ტრადიციების სინთეზს.
გურამიშვილის მარანი
გურამიშვილის მარანი მდებარეობს, მცხეთა-მთიანეთში, საგურამოში. განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის მარანი მე-19 საუკუნეში თადეოზ გურამიშვილმა ააგო და მე-19 საუკუნის ერთ-ერთ უნიკალურ არქიტექტურულ ძეგლად ითვლება. კახური ტრადიციული მეღვინეობის კომპანიამ 2015 წელს მარანს ჩაუტარა რეკონსტრუქცია და აღჭურვა უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით.
ტრადიციული და თანამედროვე პრაქტიკის შერწყმით, მეღვინეობა ცდილობს შეინარჩუნოს ძველი ქართული მეღვინეობის ტრადიციები და აამაღლოს ცნობიერება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ თადეოზ გურამიშვილის ღვინის მარნის ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ნივთები, გაეცნონ ქართულ კულტურას და დააგემოვნონ საუცხოო ქართული ღვინოები.
შატო ბუერა
მეღვინეობა, ფართოდ გაშლილი ვენახები და რენესანსის სტილის ზღაპრული სასახლე - ეს არის შატო ბუერა - გამორჩეული ადგილი ღვინის მოყვარულთათვის. აქ ერთმანეთს ერწყმის თანამედროვეობა და ღვინის უძველესი ტრადიციები, რაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით.
სასახლის მაღალი კოშკები თითქოს ფანტასტიკურ სამყაროში გეპატიჟებათ. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი ღვინო და გაეცნონ მარანს, რომელსაც მთლიანად უკავია შატოს პირველი სართული.დანარჩენ ორ სართულზე კი განლაგებულია რესტორანი და ლაუნჯი - ღვინოზე მორგებული უგემრიელესი კერძებით და მაღალი კლასის სერვისით.
ამ ყველაფერს ამაღლებულ განწყობას მატებს კავკასიონის საოცარი ხედები. „შატო ბუერა“ ასევე იდეალური ადგილია შთამბეჭდავი ღონისძიებების დასაგეგმად და განსაკუთრებული თარიღების აღსანიშნად.
შუხმან ვაინს ჯორჯია
Შუხმანის ღვინის მარანი არის ულტრაპრემიუმ ღვინის ქარხანა, რომელიც დაარსდა 2008 წელს შუხმანის ოჯახის მიერ წინანდალში, ქართული მეღვინეობის ზონის ცენტრში.
თითოეული მეღვინეობა მოგვითხრობს უნიკალურ ისტორიას, ისევე გამორჩეულს, როგორც მათ მიერ შექმნილი ღვინოებია. შუშისა და ფოლადის დახვეწილობით დაწყებული, ქვის და ხის სითბოთი დამთავრებული, შუხმანის მარნები მათ ინდივიდუალურობას და უნიკალურობას უსვამს ხაზს.
Შუხმანის ღვინო, შატო და სპა არის ზღაპრულ გარემოში მდებარე კომპლექსი, საიდანაც ვიზიტორებს შეუძლიათ დატკბნენ თოვლით დაფარული კავკასიონის მთების ხედით, გამორჩეული ქართული ღვინოებით და სპა პროცედურებით. ღვინის სპა ტუმრებს სთავაზობს შუხმანის ვენახების ყურძნისგან დამზადებულ, უნიკალურ და ექსკლუზიურ ბიო-პროდუქტებს.
ალეკო სარდანაშვილის მარანი
ალეკო სარდანაშვილის ღვინის მარანი არის საოჯახო მარანი, რომელიც მდებარეობს სოფელ ხვანჭკარაში. Აქ ღვინოს მარნის კუთვნილ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან ამზადებენ და ქვევრისა და მუხის კასრებში ინახავენ.
სოფელ ხვანჭკარაში, ოჯახის საკუთრებაში არსებული ძველი და ახალი ვენახების საერთო ფართობი თითქმის ერთ ჰექტარ მიწას შეადგენს. Დღეისათვის ალეკო სარდანაშვილის ღვინის მარანი 300 ლიტრ ხვანჭკარას და ნახევარ ტონაზე მეტ წულუკიძის თეთრასა და ცოლიკოურს აწარმოებს.
მარტვილის მარანი
"მარტვილის მარანი" არის მცირე საოჯახო მეღვინეობა, რომელიც მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამეულში. „მარანში“ 13 სახეობის ნატურალი ღვინო, ქვევრში, ტრადიციული ქართული მეთოდით შედმეგი ადგილობრივი ვაზის ჯიშებისგან იწარმოება: ოჯალეში, ორბელური ოჯალეში, ალადასტური, ცოლიკოური, კრახუნა, კუნძა, მწვანე კახური. Მარანში სტუმრობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ადგილობრივი ყველი და თაფლი. ვენახებითა და საუკუნოვანი ხეებით გარშემორტყმული ულამაზესი მარანი, სოფლის მყუდრო ატმოსფერო და გულითადი მასპინძლები ღვინის დეგუსტაციას ყველაზე დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევენ.
საოჯახო მარანი - ოდა
„საოჯახო მარანი ოდა“ მდებარეობს მარტვილის კანიონთან. გამწვანებულ, ლამაზ ეზოში დაგხვდებათ ტრადიციული მეგრული ოდის კლასიკური ნიმუში, პატარა ფაცხა და ეთნოგრაფიული ღირებულების მქონე მრავალი ავთენტური ნივთი. Აქ გაგიმასპინძლდებიან საოჯახო მარნის გამორჩეული ღვინითა და საოჯახო რესტორანში დამზადებული ტრადიციული კერძებით. გარემოს განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს ეზოში ჩამომავალი ნაკადული.
„ოდა“ მდგრად და ორგანულ მიწათმოქმედებას მისდევს. Აქ დიდი ყურადღება ეთმობა რესურსების დაზოგვას, ნიადაგის სწორ მოვლას, ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვას. 2016-2018 წლებში „ოდას“ საკარმიდამო ნაკვეთზე მცირე, საკოლექციო ვენახში ძველი მეგრული და აფხაზური ვაზის ენდემური ჯიშები - ჭვიტილური, კოლოში, დუდღუში, ლაკვაჟი, აშუგაჟი - გაშენდა.
„ოდა“ მეგრულ ტრადიციულ ღვინოებთან ერთად სტუმრებს სთავაზობს, ვენახსა და მარანში ტურს და მეგრულ გამოცდილებას, სადაც სტუმრები გაეცნობიან სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის უცნობ, მივიწყებულ ისტორიას. შეიტყობენ მარნებზე, რომლებიც ოდასთან ერთად, ამ ისტორიას აგრძელებენ. დაათვალიერებენ ქვევრებს, იშვიათი მეგრული და აფხაზური ჯიშების ვენახს, ტრადიციულ ღია მარანს. ისაუბრებენ ქალების როლზე საქართველოს ვაზისა და ღვინის კულტურაში. Მოამზადებენ მეგრულ კერძებს, და როგორც თავად „ოდაში“ აღნიშავენ, ეზიარებიან მეგრულ კულტურასა და ყოფას, როგორც მთლიან, დაუშლელ გამოცდილებას.
კორპორაცია ქინძმარაული
კორპორაცია ქინძმარაული მდებარეობს ქალაქ ყვარელში, ისტორიული ყვარლის ციხის ტერიტორიაზე. მეფე ერეკლეს მეფობის დროს, როგორც სხვა სამეფო ღვინის მარნებში, კორპორაცია ქინძმარაულის საწარმოშიც ღვინო დიდგვაროვნებისთვის იწარმოებოდა.
საწარმო ქინძმარაულსა და ყვარლის მიკროზონებში ფლობს 150 ჰექტარ ვენახს, საიდანაც 100 ჰექტარი ქინძმარაულის ტრადიციულ მიკროზონაშია გაშენებული. ყოველწლიურად კომპანია აწარმოებს 25 სახის ღვინოს და 10 მდე სახის ღვინის ბრენდს, როგორც საკუთარი ვენახებიდან მოწეული ასევე ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენილი ყურძნისგან.
კორპორაცია ქინძმარაული აქტიურადაა ჩართული ღვინის ტურიზმში. მარანში მუდმივად მასპინძლობენ ტურისტებს, აწყობენ მასტერკლასებს და დეგუსტაციებს.კორპორაციის მფლობელობაშია ბრენდირებული მაღაზია, რესტორანი და სასტუმრო „შატო ყვარელი“.
მოსმიერი
Მოსმიერი ძველ ქართულად ღვინის მსმელ და დამფასებელ ადამიანს ნიშნავს. „მოსმიერი“ არის მცირე ზომის, ბუტიკური ტიპის მეღვინეობა, რომელიც მდებარეობს კახეთის რეგიონის წინანდალის მიკროზონაში და აერთიანებს ტრადიციულ მეღვინეობას, რესტორანს და შატოს სასტუმროს, რომელიც გარშემორტყმულია ვენახებითა და თვალწარმტაცი კავკასიონის ქედებით. ქართული ტრადიციული მარანი, თანამედროვე ელემენტებით შექმნილი ღვინის შატოს განუყოფელი ნაწილია.
„მოსმიერი“ აწარმოებს პრემიუმ სეგმენტის, მაღალი ხარისხის ღვინოს, რომელიც მზადდება ძველი ქართული ტრადიციული და მეღვინეობის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ღვინის საწარმო აღჭურვილია თანამედროვე, უჟანგავი ფოლადის მაცივარი ცისტერნებით. აგრეთვე მოწყობილია ქართული ტრადიციული მარანი 24 ცალი უძველესი ქვევრით. ღვინის დაძველება კი ხდება ფრანგული მუხის კასრებში.
თელედა
თელედა - თელავის ანტიკური სახელია. ექსკლუზიური ღვინოების მწარმოებელი კომპანია „თელედა“ სწორედ თელავში, ქართული მეღვინეობის ძირძველ ცენტრშია დაარსებული.
„თელედას“ მეღვინეობა თაობათა გამოცდილებას ეფუძნება. მაღალი ხარისხის რჩეულ ღვინოებს, კომპანია ტრადიციული ქართული წესით, ქვევრებში, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობთ აწარმოებს.
ღვინის მაღალი ხარისხი იშვიათი ვენახებიდან იწყება. ძველი, 50-60 წლის ვაზების ვენახი თელავში, სოფელ შალაურში, ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ვაზების ღრმა ფესვთა სისტემა და ნიადაგის თავისებურება მაღალი მინერალიზაციის განსაკუთრებული ხარისხის ყურძნის მოყვანის საშუალებას იძლევა, რომელიც საგულდაგულოდ ირჩევა ნატურალური ღვინოების საწარმოებლად.
მეღვინეობა ხარება
მეღვინეობა ხარებას „ყვარლის ღვინის გვირაბი“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურისტული კომპლექსია საქართველოში. უნიკალური ღვინის მარანი და ტურისტული კომპლექსი, ალაზნის ველის განაპირას, კავკასიონის კლდის მასივშია გამოკვეთილი და ყვარელში ჩასულ სტუმრებს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.
ღვინის გვირაბის საერთო სიგრძე 7,7 კმ-ია, ის შედგება ორი მთავარი და 13 დამაკავშირებელი გვირაბისგან. ერთ-ერთ მთავარ გვირაბში განთავსებულია ბოთლირებული ღვინის საცავი, სადაც „მეღვინეობა ხარებას“ 27 000 ბოთლი საუკეთესო ხარისხის ღვინო ინახება.
გარდა გვირაბისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე საინტერესო სანახაობას წარმოადგენს დიდი რეკრეაციული პარკი, მდინარე, უძველესი ქვევრები, ძველი ქართული წყლის წისქვილი, ტრადიციული პურის საცხობი, ჭაჭის სახდელი, უძველესი მარანი საწნახელითა და ქვევრებით, საკალმახე და ფაცხები. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ისეთ მასტერკლასებში, როგორიც არის ჭაჭის გამოხდა, თონეში პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა, რთველში მონაწილეობა და ყურძნის დაწურვა.
წინანდლის მამული
ჭავჭავაძეების მამულის საინტერესო და ამაღელვებელი ამბავი მე-19 საუკუნის დასაწყისიდან იწყება. ზუსტად 2 საუკუნის წინ, იმდროინდელი წარჩინებული ქართული საზოგადოების გამორჩეულმა სახემ, თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ საგვარეულო მამული თავისი დროის კულტურულ-ინტელექტუალურ კერად და ულამაზეს ბაღნარად გადააქცია.
მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ საქართველოში ღვინის დაყენების ევროპული ტექნოლოგია შემოიტანა და ქართული ღვინის ახალი სტანდარტი შექმნა. Წინანდლის მამულში საქართველოში პირველად ჩამოისხა ღვინო ბოთლში.
ჭავჭავაძეების სასახლეში იკრიბებოდნენ მე-19 საუკუნის საუკეთესო მწერლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები. Თავადი გულუხვად მასპინძლობდა კულტურულ ღონისძიებებს, გამოფენებსა და ლიტერატურულ საღამოებს. ჭავჭავაძეების მამულის ეს არაჩვეულებრივი ტრადიცია წარმატებით გრძელდება „წინანდლის ფესტივალის“ სახით, რომელმაც უკვე ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიოს მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების რუკაზე.